’არემჯი გოლდის’’ საჩუქარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს
მიმდინარე წლის 8 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ შპს. ‘’არემჯი გოლდის’’ დირექტორს, ჯონი შუბითიძესა და კომერციულ დირექტორს, კახაბერ მჭედლიშვილს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ‘’არემჯი გოლდის’’ მიერ სამსახურისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სამონტაჟო და ფოტო აპარატურის გადმოცემა გახლდათ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ‘’არემჯი გოლდს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 16 იანვარს გაფორმდა და მისი მიზანია ურთიერთთანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისთვის სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის ხელშეწყობა.
მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ‘’ჩვენ მუდამ მზად ვართ, ჩვენი ვეტერანების თანადგომისთვის. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ვეტერანების მიმართ, უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“,-განაცხადა ჯონი შუბითიძემ.
კობა კობალაძემ სტუმრებს და მთლიანად ’’არემჯი გოლდს’’ ვეტერანების მიმართ გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე,ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.
აღსანიშნავია, რომ ‘’არემჯი გოლდ“-ში, დღევანდელი მონაცემებით, 100-ზე მეტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია დასაქმებული.