კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ომის ვეტერანთა დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, რიჩარდ როდრიგესთან.
შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია. სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
თავის მხრივ, რიჩარდ როდრიგესმა, მხარდაჭრის სურვილი გამოთქვა და ისაუბრა იმ საკითხებზე, რა მიმართულებითაც შეუძლიათ დაეხმარონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ქართველ ვეტერანებს. მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და სხვადასხვა ერთობლივი სოციალური პროგრამების განხორციელებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
კობა კობალაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მიღებისა და თანადგომისთვის.
რიჩარდ როდრიგესი არის ვეტერანი, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აშშ-ს მთავრობაში, კორპორატიულ სექტორში და 21 წლიანი გამოცდილება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, შრომისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი, კეტლინ რიუ და შრომის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.