კობა კობალაძემ ორგანიზაცია “TAPS“-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-სთან („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
” დღეს, ჩვენ, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ერთ-ერთ უძლიერეს ორგანიზაციასთან, “TAPS“-სთან, რაც ითვალისწინებს ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ოჯახის წევრებზე ზრუნვას. ეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოშია წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე მზრუნველი ორგანიზაცია. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გარკვეულწილად, გავხდით მათთან თანამშრომლობის ხელმომწერები, რაც გულისხმობს, მათი არეალის გაფართოებასა და ჩვენი დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრებზე ერთობლივ ზრუნვას.” – განაცხადა კობა კობალაძემ.
მემორანდუმს, ხელი მოაწერეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და „TAPS“-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა.
ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. ტომი ქეროლი 1992 წელს, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს, 7 ოფიცერთან ერთად დაიღუპა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors”( ”TAPS’) დაარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ქალბატონმა ბონი ქეროლმა, კობა კობალაძეს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრების მხარდამჭერი 29-ე ყოველწლიური საერთაშორისო სემინარის სამზადისი დაათვალიერებინა, რომელსაც კობა კობალაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, 26 მაისს დაესწრება. აღნიშნული სასემინარო კვირეული წარმოადგენს, ძლევამოსილ ინსტრუმენტს დაღუპულთა ოჯახის წევრების გასაძლიერებლად და იმ მსხვერპლის დასაფასებლად, რომელიც მათი ოჯახის წევრებმა გაიღეს ქვეყნის სამსახურში.
სემინარს დაესწრებიან, დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან. 5 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდამჭერ მრავალფეროვან აქტივობებში.