ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში ჩაატარა
მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა; საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 175-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 110 ვეტერანი, ხოლო 65_ ვეტერანის ოჯახის წევრი იყო. განხორციელდა 330-ზე მეტი ვიზიტი; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ 380 სათვალე;
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 370 ბენეფიციარს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.