გიორგეთში ჯიმი მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული გაიმართა
მიმდინარე წლის 30 მაისს, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტისა და ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში იმყოფებოდნენ, სადაც ტრადიციული დღესასწაული ‘’ჯიმშერობა’’ აღინიშნა. ეს დღეს გმირი ქართველი სამხედრო მფრინავის, ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის ხსოვნას მიეძღვნა. სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, ჯიმი მაისურაძის საფლავზე, საქართველოს დროშა აღმართეს, მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სახელოვანი მფრინავის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჯიმი მაისურაძის ხსოვნის პატივსაცემად, გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში, რომლებშიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას.
პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. ავღანეთის ომის მონაწილე, უშიშარი მფრინავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის, აფხაზ სეპარატისტებს, ჯილდოდ, ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი მფრინავის საბრძოლო ვერტმფრენი „МИ-24“ მდინარე კოდორის ხეობაში პატრულირებდა, როცა აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა; ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენი ლესელიძესა და ვლადიმირის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა პილოტი გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
გმირი მფრინავის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა.
ჯიმი მაისურაძის სამი ვაჟიდან ორი, გმირი მამის კვალს გაჰყვა _ დღეს ისინი უკვე პროფესიონალი მფრინავები არიან.
ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.