კობა კობალაძემ ტაბახმელაში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

Posted by nona shamatava

კობა კობალაძემ ტაბახმელაში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალზე, დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თბილისის მერი, კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

” ეს არის გმირების სავანე, კიდევ ერთხელ ამოვედით ყველა თავდახრით და პატივი მივაგეთ ჩვენ გმირებს, ჩვენ იუნკრებს, რომლებმაც თავისუფლებისათვის ბრძოლის ღირსეული ფურცლები ჩაწერეს ზუსტად ამ ფერდობზე და ამ მიდამოებში. ღმერთმა გაანათლოს ისინი, ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა! მჯერა, ამ გმირების მაგალითზე, კიდევ ბევრი ბეჭ-გაშლილი, ლაღი და თავისუფალი დღეები გვექნება,” – განაცხადა კობა კობალაძემ.

1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ძირითადი ბრძოლები, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11-ე წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

Leave a Reply