რუსეთის საოკუპაციო ძალამ, კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულის, ომის ვეტერან თამაზ გინტურის სიცოცხლე იმსხვერპლა

Posted by nona shamatava

რუსეთის საოკუპაციო ძალამ, კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულის, ომის ვეტერან თამაზ გინტურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

58 წლის ლეიტენანტი, თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე, ომის ვეტერანი, თამაზ გინტური; მასთან ერთად მყოფი, ჩვენი თანამემამულე, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს და  ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.