კობა კობალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტების მიღება გაიმართა.
შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოწვეულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა, გულითადი მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
‘’დღეს, თქვენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში იმყოფებით_იმ ადამიანების ოჯახში, ვისთან ერთადაც, ვინ იცის, რამდენჯერ გაგიყვიათ ჯარისკაცის ტკბილ-მწარე ლუკმა; რამდენჯერ ყოფილხართ მათთან ერთად სანგარში და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაუვლია თქვენს სიცოცხლეზე ომის მთელ ტრაგიზმს. ამიტომ, მინდა, დღეს, მე, ამ დიდი ოჯახის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ_ჩემი სამშობლოს ერთმა, რიგითმა ჯარისკაცმა, თქვენ_ამ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს, გითხრათ მადლიერების ის სიტყვები, რომლებსაც, მთელს მსოფლიოში, ვეტერანებს ეუბნებიან: ‘’მადლობა სამსახურისთვის!’’_ მიმართა სტუმრებს კობა კობალაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც სამაჩაბლოს და აფხაზეთის 1991-93 წლების საბრძოლო მოქმედებების, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები. აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტები_გიორგი ფოფხაძე (საფრანგეიდან) და ნანა კუხალაშვილი ქუთაისიდან, შეხვედრას ონ-ლაინ დაესწრნენ და კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
სტუმრებმა და მასპინძლებმა, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დღესვე, სტუმრებმა, აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ეს მემორიალური დაფა, წლების წინ, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი სიხარულიძის და ქართველ ჟურნალისტთა ინიციატივით შეიქმნა და ფედერაციის შენობაშივე განთავსდა. ფედერაციის შენობის გაყიდვის შემდეგ, ჟურნალისტთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ჰამლეტ გეგიას თაოსნობით, მემორიალური დაფა, მზიურში, ჟურნალისტთა ფედერაციის ახალ შენობაში გადაიტანეს; გარკვეული დროის შემდეგ, შენობიდან გამოტანილი და ფაქტობრივად, ქუჩაში დადებული მემორიალი, ომის ვეტერანმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია’’ობიექტივის’’ შენობაში გადაიტანა და იქ განათავსა. ორიოდ დღის წინ კი, ომის ვეტერანის, ექსპერტ მამუკა არეშიძისა და ირმა ინაშვილის ძალისხმევით, მემორიალური დაფა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადმოეცა. სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სტუმრებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში, უწყების ეზოში დაიდგმება ახალი მემორიალი, რომელზედაც აფხაზეთში დაღუპულ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები იქნებიან მოხსენიებულნი.
საქართველოს ტერირიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში დაღუპული ჟურნალისტები:
ავთანდილ (კუკური) ადანაია
ხუტა ახალაია
დავით ბოლქვაძე
ზურაბ გაგუა
გულიკო გოდოლაძე
გრიგოლ დოლგოპოლოვი
ჯუმბერ ეზუხბაია
ალექსანდრა თათლა
ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი
ალექსანდრე კარაპეტიანი
ალექსანდრე კარტოზია
გურამ მგალობლიშვილი
გიორგი პოპუაშვილი
ფილიპ ჟელსი
პავლე ძიძიგური
გრიგოლ ჭანია
საშა (ალექსანდრე) ბერულავა უგზოუკვლოდ დაკარგული
2008 წლის რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები:
გიგა ჩიხლაძე ,
ალექსანდრე კლიმჩუკი
სტანს ტორიმანსი,
ქართული ჟურნალისტიკის დღე, 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.